საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში“ შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-8 საერთაშორისო ფორუმის გახსნას დაესწრნენ. საკრებულოს ინფორმაციით, ფორუმის მთავარი თემა ინტეგრირებული და მოქალაქეებზე ორიენტირებული ურბანული განვითარების ახალ მიდგომებსა და ინოვაციურ ინსტრუმენტებს მოიცავდა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენიგმა და GIZ-ის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მარტინ ჰომოლამ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ის პრობლემები მიმოიხილეს, რომლებიც მწვავედ დგას სწრაფად მზარდი ქალაქების წინაშე.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, ფორუმზე მიღებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს ეფექტური მმართველობის გაძლიერებას და ურბანული განვითარების ისეთი მიზნობრივი პროექტების განსაზღვრას, რომლებიც სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ახალ სამუშაო ადგილებსა და შემოსავლის წყაროებს შექმნის.
„ინტეგრირებული და მოქალაქეებზე ორიენტირებული ურბანური განვითარების პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას თბილისის წინაშე, ამიტომ დღევანდელ ფორუმს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ შეგვიძლია გერმანელ პარტნიორებთან ერთად შევისწავლოთ და გავითვალისწინოთ ისეთი საკითხები, რომლებიც დიდ როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ფორუმს, რომელიც სასტუმრო “Radisson Blu Iveria”- ში მოეწყო, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ტყემალაძე , მალხაზ მჭედლიშვილი და გიორგი ახვლედიანი, ასევე ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე დაფრაქციის წევრები ნუგზარ მალაღურაძე, ლევან დარახველიძე, გოჩა ბაბუნაშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი და ვლადიმერ ძნელაძე ესწრებოდნენ.
ფორუმის დასასრულს თბილისის მერიასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის “Morgenstadt City Lab თბილისი” პროექტის ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმდება. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი თბილისში 2007 წლიდან, ყოველწლიურად იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები