თბილისის საკრებულომ ევროპის კვირეულის გახსნას უმასპინძლა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ევროპის კვირეული – ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო მიღება წარმომადგენლობითი ორგანოს ფოიეში გაიმართა.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ალიბეგაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები, მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კვირეულში ლატვიის რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა მიიღეს მონაწილეობა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა – ელენე გოცაძემ ევროკავშირის თემაზე შექმნილი ილუსტრირებული ბროშურა „ევროპული გზა – ეს ჩემი არჩევანია“ წარადგინა. საკრებულოს ფოიეში ამავე წიგნში შესული ილუსტრაციების გამოფენა მოეწყო.
ევროპის კვირეული, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ არის ორგანიზებული, საქართველოში 2007 წლიდან ტარდება. მისი მიზანი საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებაა. კვირეული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
2015 წლის ევროპის კვირეული 11 მაისამდე გრძელდება.
კვირეულის ფარგლებში, დედაქალაქსა და რეგიონებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და იუნკერებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები