ირინა იმერლიშვილი: აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების დანაშაულზე ქართულ მხარეს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია

მსოფლიო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ქართველი და ფრანგი ჯარისკაცები ცენტრალურ აფრიკაში გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილები, ქართულ მხარეს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საქმეზე დაწყებულია საერთაშორისო გამოძიება. იმერილიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ჯარისკაცების ამ ფაქტში მონაწილეობა არ დადასტურდება.
“ჩვენი ძირითადი კონტინგენტი იქიდან გამოვიდა მარტში, ახლა არის დარჩენილი 5 სამხედრო მოსამსახურე. ქართულ მხარეს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია. ვიცით, რომ დაწყებულია საერთაშორისო გამოძიება. იმედი მაქვს, ქართველი ჯარისკაცების ამ ფაქტში მონაწილეობა არ დადასტურდება. თუმცა, თუ რაიმე შეტყობინებას მიიღებს ქართული მხარე, საერთაშორისო გამოძიებაში აუცილებლად ჩავერთვებით”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილებდნენ. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სკანდალური ინფორმაცია დღეს ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს.
საუბრია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. როგორც ირკვევა, სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. დღეს კი მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ფრანგი ჟურნალისტები საკუთარ რესპონდენტებზე დაყრდნობით ქართველი სამხედროების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები