საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების შესახებ იმსჯელეს, რომლებშიც ათეულობით წლებია ცხოვრობს მოსახლეობა, თუმცა მათი დაკანონება ვერ ხერხდება.
სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა“ და მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც სხდომის თავმჯდომარემ – გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, საუბარია იმ შენობებზე, რომლებიც ამორტიზირებულია და სახელმწიფოსთვის არანაირი სტრატეგიული ან სხვა რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გააჩნიათ. „შენობებში მცხოვრები ადამიანები ვერ იკანონებენ საცხოვრებლებს, რის გამოც არ აქვთ ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და წყალი. ამდენად, მივმართავთ თბილისის მთავრობას, ცენტრალური ხელისუფლების წინაშე დააყენოს ობიექტების თვითმმართველობისთვის გადაცემის საკითხი, დაიწყოს ფართების დაკანონების პროცედურა და შეიმუშავოს კრიტერიუმები, თუ რის მიხედვით მოხდება საკუთრების უფლების აღიარება“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
როგორც კომისიის წევრებმა აღნიშნეს, დაკანონების შემთხვევაში, მოსახლეობა დროთა განმავლობაში მზად არის საკუთარი ძალებით გაარემონტოს და წესრიგში მოიყვანოს საცხოვრებელი ბინები. ასევე მიიწვიონ ინვესტორები და მათი მეშვეობით გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.
სხდომაზე შემუშავებული წინადადებები დედაქალაქის მთავრობას გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები