გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვილჰელმ მოლტერერი მიიღო

30 აპრილს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვილჰელმ მოლტერერი მიიღო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაციის წარმომადგენლები.
საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა ევროპის საინვესტიციო ბანკის გადაწყვეტილებას, თბილისში გახსნას რეგიონული ოფისი. მისი განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი დღეს ხსნის წარმომადგენლობით ოფისს საქართველოში, რომელიც სამხრეთ კავკასიის ოპერაციებს დაფარავს.
„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები ასოცირების ხელმშეკრულების და თავისუფალი სავაჭრო ზონის მიმართულებით. ზუსტად ეს ინსტიტუტი არის განსაზღვრული იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, ენერგეტიკის სექტორს, ინფრასტრუქტურას დაეხმაროს, რათა საქართველო გახდეს თავისი ინდუსტრიებითა და ინფრასტრუქტურით ნამდვილად ევროპული ქვეყანა“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს გააცნო მიმდინარე და სამომავლო პროექტები და გეგმები.
როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა განაცხადა, ისინი წარმომადგენლობით ოფისს თბილისში იმ პოზიტიურ გამოცდილებაზე დაფუძნებით ხსნიან, რომელიც მათ საქართველოსთან თანამშრომლობით დაუგროვდათ. ვილჰელმ მოლტერერმა აღნიშნა, რომ ბანკი დიდ პოტენციალს ხედავს საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით და თავის წვლილს შეიტანს მის განვითარებაში.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთობის მიმართულებები განსაზღვრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები