შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორსა და თსუ-ს რექტორს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ურთიერთთნამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება წარმოადგენს მიმდინარე წლის 18 მარტს, ქალაქ სენდაიში, კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ მსოფლიოს უმაღლეს ფორუმზე მიღებული ჩარჩო-პროგრამით საგანმანათლებლო სფეროში დაგეგმილ მოთხოვნათა შესრულების პირველ ეტაპს.
ჩარჩო- პროგრამა გულისხმობს კატასტროფების პრევენციის, მიტიგაციის, მზადყოფნის, რეაგირების, აღდგენის და რეაბილიტაციის შესახებ ცოდნის შეძენა-გაღრმავებას. მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმებით, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, შესაძლებელი გახდება უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება. მემორანდუმი ასევე, გულისხმობს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე რეაგირების მოთხოვნების და უსაფრთხოების სწავლების უზრუნველყოფის მიზნით სასწავლო პროგრამების მომზადებასა და მათი დანერგვის ხელშეწყობას. ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვიდაც მომზადდება სპეციალური სასწავლო კურსი უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის მოსამზადებლად და სათანადო ერთობლივი სწავლების განსახორციელებლად. მაგისტრანტებისთვის კი მომზადდება სასწავლო პროგრამა “საგანგებო სიტუაციების მართვა და უსაფრთხოება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები