ირაკლი ღარიბაშვილი: ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი ჩვენი ერის გამთლიანების სიმბოლო გახდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის გუმბათის კონსტრუქციაში ბეტონის ბოლო ჩასხმას დაესწრო.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი გახდება ქვეყნის გაერთიანების სიმბოლო. “ეს არის მართლაც საოცარი დღე, დიდებული საქმეა, ვინადიან ამ ტაძარს აშენებს მთელი ერი. რა თქმა უნდა არის ჩვენი პატრიარქის ინიციატივა, მისი ლოცვა-კურთხევით მართლაც საოცრად, სასწაულებრივად შენდება ეს ტაძარი. მე მინდა ბატონი პაატა ბურჭულაძის სიტყვები გავიმეორო – “თავისით შენდება ეს მართლაც დიდებული ტაძარი”. მე მჯერა, რომ ეს გახდება სიმბოლო ჩვენი ერის გამთლიანების, გაერთიანების”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა პაატა ბურჭალაძეს, როგორც ტაძრის მშენებლობის ერთ-ერთ ორგანიზატორს. “დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პაატას მთელი მთავრობის სახელით. დარწმუნებული ვარ, მას ერი დაუფასებს ამ დიდ საქმეს. დიდი მადლობა ჩვენს უწმინდესს და თითოეულ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ საქმეში”, – განაცხადა პრემიერმა.
ტაძრის საძირკველი 2011 წელს იკურთხა. მშენებლობა კი სრულად სავარაუდოდ 2017 წლის დეკემბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები