გიორგი ალიბეგაშვილი და რიმა ბერაძე საქველმოქმედო საღამოს დაესწრნენ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარესთან რიმა ბერაძესთან ერთად, ვარდების ბაღში, საზოგადოება „თბილისელის“ მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოს სახელწოდებით „ფერადი სურვილები“ დაესწრო.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელიც საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა, ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 24 ოჯახს გადაეცემა.
საღამო საზოგადოება „თბილისელის“ თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა გახსნა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი ალიბეგაშვილმა საქველმოქმედო აქციას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ თანადგომის გამომხატველი ღონისძიებების და საზოგადოების ერთად დგომა მანამ უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ქალაქში სოციალური ვითარება არ გამოსწოდება.
საღამოზე დასწრე საზოგადოებას მოკლე დოკუმენტური ფილმი წარუდგინეს, რომელიც ბაგა-ბაღში მცხოვრები ოჯახების ყოველდღიულ ყოფას ასახავდა.
საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ კი, საქველმოქმედო საღამოს მორალურად დატვირთული ღონისძიება უწოდა და აღნიშნა, რომ ეს აქცია, არის ზნეობრივი მაგალითი საზოგადოების ერთად დგომისა და ერთმანეთისადმი დახმარების სურვილისა.
„დღევანდელ საღამოს ორმაგი დატვირთვა აქვს. გარდა იმისა, რომ ის საქველმოქმედო ხასიათისაა და ჩვენი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მხარდასაჭერად იმართება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა მხატვრებმა გამოიჩინეს გულისხმიერება და ამ საღამოს უანგაროდ შეუერთდდნენ. ეს კი საზოგადოების ერთად დგომის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც თავის დადებით შედეგს აუცილებლად გამოიღებს“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
ღონისძიებას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.