საქართველოს ამერიკის მართლდმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი ეწვია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტს, უნეტარეს ტიხონს უმასპინძლა. დახვედრას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებიც ესწრებოდნენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ქართული და ამერიკული ეკლესიების ურთიერთობა მნიშვნელოვნად განაპირობებს ორი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებას.
„ვფიქრობთ, თქვენი სტუმრობა კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი ურთიერთობის განმტკიცებაში”,- მიმართა ილია II-მ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტს.
მიტროპოლიტმა ტიხონმა გასულ წელს მოსკოვში პატრიარქის ვიზიტის დროს მათი ერთობლივი მსახურება გაიხსენა და მადლობა გადაუხადა ილია II-ს წლების განმავლობაში გაწეული თანადგომისთვის.
„მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ცნო ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ჩვენს წინაშე მაგალითად არის უამრავი ქართველი მოწამე, რომლებმაც რწმენისათვის თავი დადეს. მადლობა თქვენო უწმინდესობავ მასპინძლობისა და ლოცვისათვის”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ტიხონმა.
სამების ტაძარში დღეს პატრიარქი მიტროპოლიტ ტიხონთან ერთად ლოცვას აღავლენს. ხვალ კი, ერთობლივი წირვა გაიმართება. ამერიკის მიტროპოლიტი საქართველოში 27 აპრილამდე დარჩება. იქამდე კი, საქართველოს სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებს მოილოცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები