გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით დასაშვებია.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას მათი გაჩერება იკრძალება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.