პრემიერმა ბალნეოლოგიური აბაზანები დაათვალიერა
წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, სრულად განახლდა ბალნეოლოგიური სისტემა.
ქალაქის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ახლად გაკეთებული ბალნეოლოგიური აბაზანები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად დაათვალიერა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცენტრში დამსვენებელს ყველა სახის სამკურნალო პროცედურის გავლა შეუძლია. 2014 წელს განახლდა აბაზანის ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია, სრულად რეაბილიტირდა ბალნეოლოგიური სისტემა და პარალელურად, შენდება ახალი აბაზანა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.
ჩატარებული სამუშაოებით მოხარულია სს „ბალნეოსერვისის“ მენეჯმენტი. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრთან საუბრისას აღნიშნეს, რეაბილიტაციის პროექტი ხელსაყრელ გარემოს შექმნის ბალნეოლოგიური კურორტის მუშაობისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქალაქის განვითარებისთვის, რაც წყალტუბოს წამყვანი საკურორტო ქალაქის სტატუსს დაუბრუნებს.