უჩა ნანუაშვილი: კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით ერთიანი პოლიტიკა უნდა არსებობდეს
“კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა: ხელისუფლებისა და საზოგადოების როლი და პასუხისმგებლობა” – ამ თემაზე გაიმართა შეხვედრა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და დევნილთა ქსელ “სინერგიას” ორგანიზებით მოეწყო.
ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე; სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემების, განათლების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, პატიმრებისა და რესტიტუციის საკითხების გადასაჭრელად ქვეყანაში ერთიანი პოლიტიკის არსებობის ნაკლებობაზე ისაუბრა.
“საჭიროა ქვეყანაში არსებობდეს ერთიანი პოლიტიკა კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით. ის სპეციფიკა, რომელიც კონფლიქტური რეგიონებისთვის არის დამახასიათებელი, რიგ შემთხვევებში არ არის გათვალისწინებული. სწორედ ერთიანი მიდგომისა და ერთიანი ხედვის არარსებობა წარმოადგენს პრობლემას. მხოლოდ ერთი ან ორი სამინისტრო არ უნდა იყოს ჩართული აღნიშნულ პროცესებში და უნდა არსებობდეს სახელმწიფოს ერთიანი, ზოგადი პოლიტიკა, სადაც ყველა სტრუქტურას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეეძლება იმ რეალობის გათვალისწინება, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებში არსებობს”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ღონისძიება საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.