უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე გვიან ღამით სამშობლოში ჩამოასვენეს. გიორგი ჯანელიძის ცხედარს საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ.
„ჩვენ სოლიდარობას, თანადგომას, მხარდაჭერასა და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს. უკვე მერამდენე ძალიან სამწუხარო ფაქტია და ისევე, როგორც ყველა ქართველი ვწუხვართ ძალიან ,“- განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინაში გარდაცვლილი სხვა ჯარისკაცების ოჯახის წევრები, ასევე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.მათ დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს.
გარდაცვლილი მეომრის ცხედარი სახლში გადაასვენეს. სავარაუდოდ, დღეს საღამოს ცხედარს ქაშვეთის ეკლესიაში დაასვენებენ, კვირას კი მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ. გიორგი ჯანელიძე ბატალიონ „აზოვში“ ირიცხებოდა. ის სოფელ შიროკინოსთან შეტაკებების დროს 18 აპრილს გარდაიცვალა.