”112”-ის წარმომადგენლებმა ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის წარმომადგენლები ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ კონფერენციას და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ყოველწლიურ კონფერენციაზე „112“-ის დელეგაციის მონაწილეობის მიზანი იყო, ევროპის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა.
ვიზიტის ფარგლებში, „112“-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს გამოფენა, სადაც გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში უახლეს ტექნოლოგიებსა და მიღწევებს გაეცნენ, დაესწრნენ სემინარებს სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა: ტექნოლოგიების მნიშვნელობა საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში; ქოლ-ცენტრის ეფექტური მუშაობის წინაპირობები; გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის კუთხით წარმოებული ეფექტური კამპანიები და სოციალური მედიის როლი გადაუდებელი დახმარების დროს. კონფერენციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სხვადასხვა ქვეყანაში, გადაუდებელი დახმარების სფეროში არსებული გამოწვევების მიმოხილვას და რეკომენდაციების გაზიარებას. საქართველოს დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ბუქარესტში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და კოლეგებისგან მიიღეს ინფორმაცია ერთიანი გადაუდებელი დახმარების ნომრის -„112“-ის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.
წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში, საქართველო წარმოდგენილი იყო, როგორც ერთ-ერთი სპიკერი ქვეყანა. საქართველოს „112“-მა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია სახელწოდებით – „გამოწვევები და სტრატეგიული მიმართულებები“.
ყოველწლიური კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილია დაჯილდოების ცერემონია. 2015 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველომ გაიმარჯვა „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში. მნიშვნელოვანია, რომ წელს საქართველო ამ ნომინაციაში ყოველგვარი ხმის მიცემის პროცედურის გარეშე დასახელდა. „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გაიმარჯვა 8 წლის ლექსო ბოჟაძემ, რომელმაც „112“-ზე დარეკვით საკუთარი დედის სიცოცხლე იხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები