დავით სერგეენკო: მედიკამენტი, რომელსაც C ჰეპატიტის განკურნება შეუძლია, მსოფლიოში აპრობირებულია და მას გამოცდა არ სჭირდება

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ “როიტერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ Gilead Sciences-ი საქართველოს უფასო მედიკამენტებით მკურნალობის პროგრამის საცდელ ქვეყნად გამოიყენებს განმარტება გააკეთა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა “პირველ სტუდიაში“ განაცხადა, Gilead Sciences-ის მიერ შექმნილი მედიკამენტი, რომელსაც C ჰეპატიტის განკურნება შეუძლია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულია და მას გამოცდა არ სჭირდება.

მინისტრმა განმარტა, რომ იმ პროექტის უნიკალურობა, რომელიც საქართველოში დაიწყო, განაპირობა იმან, რომ ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. კერძოდ, პრეპარატის ხელმისაწვდომობის გარდა, ხდება პრევენცია და პაციენტების სწორი ინფორმირებულობა.

“იმ პროექტის უნიკალურობა რისი განხორციელებაც დაიწყო საქართველოში მდგომარეობს არამხოლოდ იმაში, რომ მკურნალობა მიწვდომადი გამხდარიყო – იაფიანი ან თუნდაც უფასო მედიკამენტებით.
ეს არის სამი მთავარი კომპონენტისგან შემდგარი კომპლექსური პროექტი: რომელიც ერთის მხრივ გულისხმობს მედიკამენტზე მიწვდომადობას, “ეფ-ბი-ეის“ რეგისტრაცია გავლილი აქვს და უამრავ ქვეყანაში უკვე გამოიყენებენ – ეს სამკუთხედის ერთი კუთხეა, მეორე-ეს არის პრევენცია -სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ახალი შემთხვევების გაჩენა მინიმუმამდე ჩამოვიდეს, ეს არის ინფექციებზე კონტროლის რთული სისტემა და მესამე კუთხე – პაციენტების სწორი ინფორმირებულობა და იმისი მცდელობა, რომ თუნდაც ის სტიგმა მოეხსნათ ან შეუმცირდეთ რაც არის. სხვა ქვეყნებში განხორციელებული პროექტები, სადაც ასჯერ ნაკლები ფასით მისცეს არ ითვალისწინებდა პრევენციას და პაციენტის ინფორმირეულობის კომპონენტსმ, იყო მხოლოდ წამლის მიწოდება, რამდენსაც უმკურნალეს, იმდენი გამოჩნდა ახლად დასნებოვნებული, შესაბამისად ვადასტურებ, რომ საკუთრივ პრეპარატი არ არის ექპერიმენტული მას უკვე ყველა ეტაპი აქვს გავლილი რაც ხდება მსოფლიოში, ის ფართოდ გამოიყენება იმ ქვეყნებში სადაც მისი შეძენა შეუძლიათ, ხოლო ჩვენი გამოცდილების უნიკალურობა არის კომპლექსური მიდგომა“, – განაცხადა დავით სერგეენკომა.

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead Sciences-ი ცდილობს, დაარწმუნოს მსოფლიო მთავრობები და სააგენტოები, რომ შესაძლებელია C ჰეპატიტის აღმოფხვრა საქართველოში სადემონსტრაციო პროექტით, რომლის ფარგლებშიც უფასო პრეპარატებს შესთავაზებს მათ, ვისაც ეს სჭირდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს. “როიტერის” ცნობით, უპრეცედენტო პროგრამით კავკასიის რეგიონის ეს ქვეყანა გახდება საცდელი ადგილი დაავადების აღმოფხვრისთვის, კომპანია გამოიყენებს ეფექტურ, თუმცა ძვირადღირებულ აბებს – “სოვალდის” და შედარებით ახალ პრეპარატ “ჰარვონის”.
როგორც “როიტერი” იუწყება, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ეგვიპტისა და მონღოლეთის შემდეგ, C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვის მიხედვით. ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ
საქართველო მეცნიერული სწავლების შესანიშნავი ადგილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები