რუსუდან ფეტვიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
25 აპრილს, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში რუსუდან ფეტვიაშვილის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი“ გაიხსნება. გამოფენა მამის, მოქანდაკე ვახტანგ ფეტვიაშვილის ხსოვნას ეძღვნება.
როგორც ცნობილია, რუსუდან ფეტვიაშვილს დამსახურებული ადგილი უკავია კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ გამოცემულ წიგნში „XX საუკუნის მსოფლიოს 2000 გამოჩენილი ადამიანი“. მისი მონაწილეობით შეიქმნა წმინდა სამების დიდ საკათედრო ტაძარში დაბრძანებული უდიდესი წმინდა ოთხთავის უნიკალური ხელნაწერის ეგზემპლარი. მის მიერ ილუსტრირებულ „ვეფხისტყაოსანს“ უსიტყვო პროზასაც უწოდებენ. ხელოვნების სასახლეში ექსპოზიცია ორი კვირა გაგრძელდება, რის შემდეგაც ნამუშევრები საფრანგეთში, კერძოდ კი, პარიზსა და სანტროპეში გამოიფინება. ხატვის გამორჩეული სტილით რუსუდან ფეტიაშვილმა მსოფლიო ბავშვობიდანვე აალაპარაკა. ხატვა ორი წლისამ დაიწყო. ექვსი წლის ასაკში კი თბილისში მისი პირველი გამოფენა მოეწყო, რასაც მოჰყვა მოსკოვი, ვენა, ბუდაპეშტი, მადრიდი, ლონდონი, აშშ და სხვა.