გიორგი მარგველაშვილი: ბელორუსი მეგობრები ყოველთვის მხარს უჭერდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ძალიან რთულ ვითარებაში ბელორუსი მეგობრები ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ ამ მადლიერება მხარდაჭერისთვის გამოხატა. ამასთან, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება ევროკავშირთან, ხოლო ბელორუსიის – საბაჟო კავშირთან, ამ განვითარებამ ორი ქვეყნის ურთიერთობები არ უნდა შეზღუდოს.
“შეხვედრაზე დეტალურად გავიარეთ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ჩვენი ურთიერთობების გაფართოების საკითხები. ეს არის ბელორუსიის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვან საფუძველს დაუდებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების უფრო გარღმავებას და თანამშრომლობის გაფართოებას. ამ წარმომადგენლობით ვიზიტს თან სდევდა ძალიან წარმომადგენლობითი ბიზნესფორუმი, რომელიც ჩვენი ქვეყნების ეკონომიკას, ბიზნესსექტორს მისცემს ახალ იმპულსს და მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენი ურთიერთობები გავაღრმავოთ და გავაფართოვოთ მთელ რიგ საკითხებში. სულისკვეთება, რომელიც თან ახლდა ჩვენს შეხვედრებს, ამ მიმართულებით იყო ხაზგასასმელი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება ევროკავშირთან, ხოლო ბელორუსიის ეკონომიკური ურთიერთობების კავშირები ღრმავდება საბაჟო კავშირის მიმართულებით, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ განვითარებამ კი არ უნდა შეუზღუდოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, არამედ პირიქით, ახალი პოტენციალი მისცეს როგორც საქართველოს, ასევე ბელარუსის ეკონომიკას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ბელორუსიის როლს უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში და აღნიშნა, რომ მინსკი გახდა ის ქალაქი, სადაც რეალურად ხდება შეთანხმებები მშვიდობის, რეგიონის სტაბილურობის და მისი მდგრადობის გადასაწყვეტად.
“ხაზგასასმელია ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელსაც ჩვენი ბელორუსი მეგობრები თამაშობენ ჩვენი ერთიანი საარსებო სივრცის პრობლემების მშვიდობიანი გადაჭრების მიმართულებით. მინსკი გახდა ის ქალაქი, სადაც რეალურად ხდება შეთანხმებები მშვიდობის, რეგიონის სტაბილურობის და მისი მდგრადობის გადასაწყვეტად. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ უკრაინის პრობლემას და იმ პოზიტიურ იმპულსს, რაც მინსკმა ამ თვალსაზრისით შექმნა და მისცა როგორც უკრაინელ ხალხს, ასევე მთელ რეგიონს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ალექსანდრე ლუკაშენკოს და ბელორუსიის სახელმწიფო დელეგაციას ვიზიტისთვის და გამოხატა რწმენა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ძალიან აქტიური და ეფექტური თანამშრომლობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები