ბრიტანეთის საბჭოს ახალი პროგრამა – „შექსპირი ცოცხლობს“

2016 წელს შექსპირის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მასშტაბური გლობალური პროგრამა ხორციელდება. დღეს, 23 აპრილს, ბრიტანეთის საბჭო აცხადებს პროგრამას სახელწოდებით: „შექსპირი ცოცხლობს“. ეს არის უპრეცედენტო გლობალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შექსპირის გარდაცვალების 400 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარდება დრამატურგის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და პროექტები.
პროგრამა „შექსპირი ცოცხლობს“ გიწვევთ, მონაწილეობა მიიღოთ უნიკალურ ონლაინთანამშრომლობაში, იხილოთ შექსპირის შემოქმედება სცენაზე, ფილმებში, გამოფენებსა თუ სკოლებში. მისი მიზანია ღონისძიებებში ჩართოს ნახევარ მილიარდზე მეტი მონაწილე მსოფლიოს მასშტაბით. ბრიტანეთის საბჭო და კამპანია GREAT Britain თანამშრომლობენ ბრიტანულ თეატრებთან, მუზეუმებთან, ხელოვნების და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შექსპირის პიესების ახალი დადგმების, კინოვერსიების, სკოლებისა და ყველა ასაკის ინგლისური ენის შემსწავლელთათვის საგანმანათლებლო რესურსების შექმნაზე როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე მთელს მსოფლიოში.
პროგრამა „შექსპირი ცოცხლობს“ დაიწყება ამა წლის შემოდგომაზე და განხორციელდება მთელი 2016 წლის განმავლობაში. ის საშუალებას იძლევა, ჩავუღრმავდეთ შექსპირს, როგორც შემოქმედს, რომელიც დღესაც რელევანტურია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისა და ეროვნების წარმომადგენელთათავის. ინგლისურის, განათლებისა და ხელოვნების სფეროებში დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია იმის კვლევა, თუ როგორ გახდა ეს ინგლისელი დრამატურგი მთელი მსოფლიოსთვის ასე ღირებული. პროგრამის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იქნება პროექტი „მთელი სამყარო სცენაა“. ის გათვლილია მასობრივ მონაწილეობაზე და მასში მსოფლიოს ყველა მცხოვრებს შეეძლება ონლაინ ატვირთოს და მსოფლიოს წარუდგინოს მოკლე ვიდეო, სადაც თავად წარმოადგენს ნაწყვეტებს შექსპირის პიესებიდან. პროექტის კულმინაცია იქნება შექსპირის ნამუშევრების ახალი, რეკორდული, ციფრული ვერსია, რომლის წყარო რიგითი ადამიანები იქნებიან მთელი მსოფლიოდან.
2014 წელს ბრიტანეთის საბჭოს მიერ რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვამ, ცხადყო, რომ დანარჩენი მსოფლიოსთვის სწორედ შექსპირია დიდი ბრიტანეთის კულტურის უდიდესი წარმომადგენელი. ახალგაზრდებისთვის დასმულ კითხვაზე – რომელი შემოქმედი აინტერესებდათ და რომელ შემოქმედთან ასოცირდება ყველაზე მეტად თანამედროვე ბრიტანული ხელოვნება და კულტურა, ყველაზე პოპულარული პასუხი ერთმნიშვნელოვნად იყო – უილიამ შექსპირი.
ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელი ქიარან დივაინი ამბობს, – „ბრძოლა ძალაუფლებისათვის, ბრუტალური პოლიტიკა, მკვლელობები, სიყვარული, ვნება, მტრობა, ადამიანური სისუსტეები და უბრალოდ ფარსი ის უნივერსალური თემებია, რომლებიც ისევე აქტუალურია ახლა, როგორც მაშინ, როცა შექსპირი წერდა. პროგრამა „შექსპირი ცოცხლობს“ იწვევს მთელი მსოფლიოს ხალხებს გაეცნოს, როგორც ამ გენიალური მწერლის შემოქმედებას, ასევე თანამედროვე ბრიტანეთის საუკეთესო მხარეებს. პროგრამა საერთაშორისო თანამშრომლობის საშუალებაა, როგორც დიდ ბრიტანეთში ასევე მთელს მსოფლიოში“.
ბრიტანეთის საბჭო – დიდი ბრიტანეთის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია – ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან კულტურისა და განათლების სფეროებში. მისი მოქმედების არეალი 110 ქვეყანას მოიცავს. ბრიტანეთის საბჭო ხელს უწყობს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას სხვა ქვეყნებთან სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის ურთიერთნდობის ამაღლებისა და ბრიტანული იდეებისა და მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით. ბრიტანეთის საბჭო არის დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური ორგანიზაცია. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.britishcouncil.org. დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართებზე: http://twitter.com/britishcouncil and http://blog.britishcouncil.org/.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები