ყოველწლიური თეატრალური პრემია „დურუჯი“ – 2014-2015 წლების სეზონი
დღეს, 11:00 საათზე კომპანია „რედიქსის“ ოფისში ყოველწლიური თეატრალური პრემია „დურუჯი“ 2014-2015 წლების სეზონის პრესკონფერენცია გაიმართა. წელს „დურუჯის“ დაჯილდოვების ცერემონია საქველმოქმედო ფონდ „ცისკარის“ ინიციატივით უკვე მეშვიდედ იმართება. „დურუჯი“ 2014-2015 შემდეგი ნომინაციებისთვის გაიცემა: საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – პრემიის ოდენობა შეადგენს 14.000 ლარს; საუკეთესო მსახიობი ქალი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს; საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს; სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 ლარს. გარდა ამისა, ჟიური გამოავლენს საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორს, რომელსაც გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი. პრიზის ოდენობა შეადგენს 10.000 (ათი ათასი) ლარს. აღნიშნული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს მომავალ, 2015-2016 წლების სეზონში სპექტაკლის დასადგმელად. ამ ნომინაციაზე წარდგენილი რეჟისორის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.
„თეატრთმცოდნეების კულუარული ინფორმაციით, 2014-2015 წლის თეატრალური სეზონი, უკანასკნელი წლების განმავლობაში, გამორჩეულად მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ „დურუჯის“ კომპეტენტურ ჟიურის წელს კიდევ უფრო რთული ამოცანა ექნება, რასაც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს არჩევა ჰქვია. ამას გარდა, თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, წელს საკმაოდ დატვირთული და დინამიკური სამუშაო პროცესი გველის“, – ამბობს პრემია „დურუჯის“ და საქველმოქმედო ფონდ „ცისკარის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი.
„დურუჯის“ კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 8 მაისს იწურება. პრემიაზე წარდგენისთვის აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ კომპანია „რედიქსის“ სოციალური ქსელის გვერდზე: https://www.facebook.com/RedixGeorgia. თეატრალური პრემია „დურუჯის“ პარტნიორია კომპანია „რედიქსი“; საინფორმაციო მხარდამჭერები – ტელეკომპანია „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „ფოკუსი“.