პოლონურმა მედიამ პოლონეთსა და საქართველოს შორის „თბილისის კონფერენციის“ ინაუგურაცია აქტიურად გააშუქა

პოლონური რადიო, მედია და ინტერნეტგამოცემები საქართველოსა და პოლონეთს შორის „თბილისის კონფერენციის“ შესახებ მემორანდუმის ხელმოწერას აქტიურად გამოეხმაურნენ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ადგილობრივი მედია საშუალებები, პოლონეთის პრესის სააგენტოზე (PAP) დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ შვედ და დანიელ კოლეგებთან ერთად გჟეგოჟ სხეტინას საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობა პოლონეთისთვის. „Polskie Radio”-მ თავის სტატიაში ფართოდ მიმოიხილა „თბილისის კონფერენციის“ მემორანდუმი. სტატიაში აღინიშნა, რომ ეს ფორმატი საქართველოს მიერ პოლონეთის ევროინტეგრაციის გამოცდილების გაზიარებას და პროევროპული რეფორმების გატარებას გულისხმობს.
„თბილისის კონფერენცია რეგულარულ რეჟიმში თემატური შეხვედრების, სემინარების, კონფერენციებისა და სამუშაო ვიზიტების გამართვას გულისხმობს“, – ნათქვამია სტატიაში.
წამყვანი პოლონური გაზეთი – „Gazeta Wyborca” კი „თბილისის კონფერენციის“ მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ პოლონეთს ამგვარი გამოცდილება, ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპზე, ჰოლანდიასთან თანამშრომლობით აქვს მიღებული.
სტატიაში მოყვანილია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარჩინ ვოიჩეხოვსკის ინტერვიუ, სადაც იგი აცხადებს, რომ „თბილისის კონფერენცია“ პოლონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით იმუშავებს, თუმცა მისი ფორმატი გახსნილია და შესაძლებელია, რომ ამ პროცესს სხვა დაინტერესებული ქვეყნებიც შეუერთდნენ.
„თბილისის კონფერენციის“ მუშაობის გრაფიკი, უახლოეს მომავალში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოლონეთში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში დადგინდება. ქართულმა მხარემ თანამშრომლობის ის სფეროები უნდა განსაზღვროს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვნად და საინტერესოდ მიაჩნია.
„სამი საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ვიზიტი ფუნდამენტალურია, რადგან იგი გვიჩვენებს, თუ რაოდენ მნიშნელოვანი ქვეყანაა საქართველო ევროკავშირისთვის“, – აცხადებს ვოიჩეხოვსკი.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ „თბილისის კონფერენცია“ პოლონეთ – საქართველოს თანამშრომლობის ამაღლების სიმბოლოა. გჟეგოჟ სხეტინას საქართველოში ვიზიტისა და „თბილისის კონფერენციის“ შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. განცხადების თანახმად გჟეგოჟ სხეტინა აღნიშნავს, რომ „საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით პარტნიორობის ეს ფორმა იმ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას წარმოადგენს, რომელთაც დაასრულეს ევროპული სტანდარტიზაციის პროცესი და რომლებიც ამ პროცესის შუა გზაზე არიან“.
„თბილისის კონფერენციის“ შესახებ მემორანდუმს მხარეებმა 14 აპრილს პოლონეთის, შვედეთისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტის დროს მოეწერეს ხელი. შეთანხმება აფუძნებს „თბილისის კონფერენციას – თანამშრომლობის სრულიად ახალ ფორმატს“.
აღნიშნული გულისხმობს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში პოლონეთის როლის ამაღლებას და ამ მიმართულებით ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

www.polskieradio.pl

http://wyborcza.pl

http://msz.gov.pl

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები