ოთარ დანელია ბელორუს კოლეგას შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ბელარუსის სურსათის და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლეონიდ ზაიაცის და ბელარუსის მრეწველობის მინისტრს ვიტალი ვოვკს შეხვდა.
მინისტრების შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმართება.
„ეს არის უმაღლესი დონის ისტორიული ვიზიტი. აღსანიშნავია, სამთავრობო კომისიებს შორის არსებული აქტიური ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი, რომელიც ამ ვიზიტით და ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმებით დაგვირგვინდება. მოგეხსენებათ, რომ ბელარუსის რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობა მაღალ დონეზე არის განვითარებული და ჩვენი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარგის განვითარების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარება“, – განაცხადა შეხვედრაზე ოთარ დანელიამ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში შედგა და მასში მონაწილეობა საქართველოს და ბელარუსის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრაზე საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობასა და სამომავალო პერსპექტივებზე ისაუბრეს. განიხილეს ერთობლივი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნის, ასევე საქართველოში ბელარუსული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვისცენტრის მოწყობის საკითხები.
ბელარუსის სურსათის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლეონიდ ზაიაცის თქმით, ბელარუსის მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ვიზიტს. „ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში პრაქტიკულად ახალი ეტაპი იწყება. ქართველი ხალხი უნიკალურია, სტუმართმოყვარე, მეგობრული, შრომისმოყვარე. ჩვენს ბევრი რამ გვაქვს საერთო, მათ შორის წარსული. ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულების გააქტიურება. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ აგროსამრეწველო დარგში ერთობლივი საწარმოების შექმნისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი საკითხის დეტალურ განხილვას“, – განაცხადა ლეონიდ ზაიაცმა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების საკითხები. აღნიშნული მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბელარუსის მრეწველობის სამინისტროს შორის გაფორმდება და ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
როგორც შეხვედრაზე ბელარუსის მრეწველობის მინისტრმა ვიტალი ვოვკმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის კუთხით უკვე არის კონკრეტული შედეგები მიღწეული და ეს პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება. „ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გავაფორმებთ მემორანდუმს, რომელიც ბელარუსის და საქართველოს ბიზნეს წრეებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ისახავს მიზნად. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი ბიზნეს ფორუმი იქნება ნაყოფიერი და ბიზნესის წარმომადგენლები კონკრეტულ შერთანხმებებს მიაღწევენ“, – განაცხადა ვიტალი ვოვკმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
დღესვე, ბელარუსის სურსათის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლეონიდ ზაიაცი და ბელარუსის მრეწველობის მინისტრი ვიტალი ვოვკი საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმს დაესწრებიან. მინისტრები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას სადემონსტრაციო ნაკვეთს და სხვადასხვა საწარმოებს დაათვალიერებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები