„ამერიკამ გოჭები წაიყვანა, მათგან ღორები გააკეთა, შემდგომ საქართველოში დააბრუნა და ქვეყნის მართვა დაავალა“

აშშ-ს მხოლოდ ტერიტორიების საკითხი და პირადი ინტერესები ამოძრავებს – ამის შესახებ „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ რუსეთის ტელეარხ „Россия 1“ -ის გადაცემა «Воскресный вечер»-ში უკრაინის მოვლენების შეფასებისას განაცხადა. ხუბუტია ფიქრობს, რომ აშშ-ს არც უკრაინა და უკრაინელები, არც საქართველო და ქართველები და არც რუსები სჭირდება. „ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე აქ დამსწრე საზოგადოებამ, რადგან გამოვიარე ყოველივე ის, რაც საქართველოს მხრიდან ინიცირებული და დაწყებული იყო. 15 წლის წინ ვამბობდი, რომ უკრაინასთან ჩვენ ომი გვექნებოდა, რაზეც ბევრი დამცინოდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ამერიკამ გოჭები წაიყვანა, მათგან ღორები გააკეთა, შემდგომ საქართველოში დააბრუნა და ქვეყნის მართვა დაავალა. ზოგიერთი მათგანი ამჟამად უკრაინაში იმყოფება. დღეს არსებული ქაოსი, მკვლელობები ამერიკის სტრატეგიის შედეგია.
ეს, რასაკვირველია, არ დასრულდება, რადგან ამერიკა სწორედ ამითაა დაინტერესებული. ამერიკას არც უკრაინა და უკრაინელები, არც საქართველო და ქართველები და არც რუსები სჭირდება. მათ მხოლოდ ტერიტორიები და პირადი ინტერესები ამოძრავებთ. მათ სურდათ და სურთ ქართველი ერის დეგრადირება, ამას ცდილობდნენ. ამერიკას რუსებისა და ქართველების გადაკიდება სურდა. მაგრამ საქართველოს პატრიარქი ვითარებაში დროულად ჩაერია და ეს პროცესი გააჩერა“, – განაცხადა მიხეილ ხუბუტიამ. მისი თქმით, უკრაინაში ვითარება ოდნავ განსხვავებულია და არსებული ვითარების შეჩერება რთულია. „პროდიუსერები აშშ-ში იმყოფებიან. რეჟისორები განსხვავდებიან, მიზნებიც თითქოს განსხვავებულია, მაგრამ შემსრულებლები იგივენი რჩებიან. საინტერესოა, რას აკეთებს ადამიანი, რომელმაც საქართველოში თავისუფალი მედია ერთ დღეში დახურა. მართალია, ჟურნალისტებს არ ხოცავდნენ, მაგრამ მათ ნათესავებს აპატიმრებდნენ და ის, რაც ხდებოდა ციხეში, რთული ასაღწერია. 2008 წელს რუსეთის ტელეარხის ეთერში გამოვედი, მაშინ ვიცოდი, რომ ომს სწორედ სააკაშვილი ამზადებდა. ის სამხრეთ ოსეთზე თავდასხმას გეგმავდა.
როდესაც მე, როგორც ნორმალურმა, პატიოსანმა ადამიანმა განცხადება გავაკეთე, ზუსტად 9 აგვისტოს ჩემი ძმა დააპატიმრეს. მას ჯიბეში იმდენი ყუმბარა და ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს, რამდენიც ალბათ, მანქანაშიც ვერ ჩაეტეოდა. შესაძლოა, მასაც იგივე დამართნოდა, რაც იმ დროს პატიმრების თავს ხდებოდა, მაგრამ იცოდნენ, რომ ამით ვერ შემაჩერებდნენ“,–აღნიშნა ხუბუტიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები