მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს
“საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმებზე წვდომის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია.
“საქართველო არის ეუთოს ის მონაწილე ქვეყანა, რომლისთვისაც ევროპის უსაფრთხოებისთვის და თანამშრომლობისთვის ზრუნვა ყველაზე რელევანტური და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეუთოს საწყისიდან 50 წლისთავზე ჩვენ მტკიცედ მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის მუშაობის შესაძლებლობა. ამისთვის ეუთოს მონაწილე სახელმწიფოები უნდა დარჩნენ საერთაშორისო სამართლის და იმ პრინციპების ერთგული, რასაც ეფუძნება ეს ორგანიზაცია.
საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის მხრიდან კვლავაც ირღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, თავად გაემგზავროთ საოკუპაციო ხაზთან, საკუთარი თვალით იხილოთ ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გაეცნოთ ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს.
ჩვენ ვაფასებთ ეუთოს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას, შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება.
ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმებზე წვდომის უზრუნველყოფა. საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.