მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლება არის ეუთოს და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და იგივე მოლოდინი აქვს თავისი პარტნიორების მხრიდანაც
“საქართველოს ხელისუფლება არის ეუთოს და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და იგივე მოლოდინი აქვს თავისი პარტნიორების მხრიდანაც”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ეუთოს გენერალურ მდივანთან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო პატივს სცემს ეუთოს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს და ქვეყნის ხელისუფლებისთვის მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მხრიდან ამ ინსტიტუტების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება.
„საქართველო პატივს სცემს ეუთოს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. ჩვენთვის მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მხრიდან ამ ინსტიტუტების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების რაიმე სახის მცდელობები. საქართველო, ბოლო პერიოდში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევების ღია მცდელობების თვალსაჩინო მაგალითი გახდა. ხშირად ვხედავთ, ასევე, საერთაშორისო ინსტიტუტების არასწორად გამოყენების მცდელობებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სწორედ იმ ფუძემდებლურ პრინციპებთან, რასაც ეფუძნება საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვაც უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების ვალი. საქართველოს ხელისუფლება არის ეუთოს და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და იგივე მოლოდინი აქვს თავისი პარტნიორების მხრიდანაც. ხელისუფლებას არა ერთხელ დაუდასტურებია საკუთარი ნდობა ეუთოსადმი. ამის ნათელი მაგალითი გახლდათ ეუთო/ოდირის მოწვევა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და მისიის საქმიანობის განხორციელებისთვის მაქსიმალური ხელის შეწყობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოდირის რეკომენდაციები და მზად ვართ თანამშრომლობა გავაგრძელოთ მათ შესასრულებლად.
მე კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით თქვენ საქართველოში სტუმრობისთვის. განსაკუთრებით ამ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების კარგად გაცნობიერებისთვის, ცოდნისთვის. მინდა გისურვოთ ასევე, წარმატება, როგორც გენერალურ მდივანს იმ მნიშვნელოვანი ორგანიზაციისა, რომლის ვალდებულებაც არის ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.