ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზას სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 29 ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ისრაელის შეიარაღებული ძალები პალესტინის ანკლავის მთელ ტერიტორიაზე თავს დევნილთა კარვების ბანაკებს ესხმიან.
ისრაელის კაბინეტი, სავარაუდოდ, დღეს გამართავს სხდომას, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ანკლავში მყოფი ტყვეების დაბრუნების შეფერხებული მოლაპარაკებების შემდეგ მისი შემდეგი ნაბიჯები დადგინდეს.
BBC-ის ინფორმაციით, სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილე ქვეყნებმა – ეგვიპტემ და კატარმამ, კონფლიქტის მხარეებს ახალი, 7-წლიანი ზავის წინადადება წარუდგინეს. შეთავაზება მრავალწლიან შეთანხმებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც ისრაელმა ღაზიდან სრულად უნდა გაიყვანოს სამხედროები, “ჰამასმა” კი მძევლები უნდა დააბრუნოს.
შეგახსენებთ, 18 მარტს ისრაელის არმიამ განაახლა სამხედრო მოქმედებები ღაზას სექტორში, დაიწყო მასიური დარტყმები მის წინააღმდეგ, რითაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს დაძაბულობის ესკალაცია დაიწყო, ღაზას სექტორში 51 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და დაახლოებით, 117 000 ადამიანი დაშავდა.