რატომ გაუჩნდა გიორგი გურგულიას მიხეილ სააკაშვილის დახრჩობის სურვილი

„სააკაშვილმა ხუთ წუთში ისე გამომიყვანა მდგომარეობიდან, მისი დახრჩობა მომინდა“, – აცხადებს მსახიობი გიორგი გურგულია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, მისთვის წარმოუდგენელია, როგორ იყო მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც საქრთველოს ისტორია არ იცოდა.
როგორც მსახიობი გამოცემასთან ამბობს, მიხეილ სააკაშვილმა 9-წლიანი მმართველობის პერიოდში საქართველო ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ ასეთ რთული მდგომარეობიდან გამოსვლა ძნელია.
„სააკაშვილმა საქართველო იმდენად გადაიყვანა რელსებიდან, ისეთ ქაოსში ჩაგვაგდო, რომ ახლა ამ აბურდული სიტუაციიდან თავის დაღწევა ძალიან ჭირს. სააკაშვილი როგორ უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი, რომელმაც არ იცოდა საქართველოს ისტორია, არ იცოდა, საუკუნეების მანძილზე როგორ გადარჩა ეს ქვეყანა და რა დროს როგორ ემოქმედა. კაცი, რომელიც თვითმფრინავის ხმაზე დაფრთხა და გაიქცა, საქართველოსთვის თავს გასწირავდა?! ეს იყო არასტაბილური ფსიქის, უზრდელი კაცი, რომელიც არ გისმენდა, არ იცოდა ელემენტარული დიპლომატია“, – აცხადებს მსახიობი.
გიორგი გურგულია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში იმ დღეს იხსენებს, როდესაც იგი პირველად მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. „სააკაშვილმა, პირველივე შეხვედრა დროს, ხუთ წუთში ისე გამომიყვანა მდგომარეობიდან, მისი დახრჩობა მომინდა. საერთოდ, ძნელად გამოვდივარ წონასწორობიდან, 21 წელია მეგობართან ფსიქიატრიულ კლინიკაში დავდივარ, გიჟებს ვხვდები, მაგრამ მსგავსი განცდა, რაც ჩემში სააკაშვილის უზრდელობის პიკმა გამოიწვია, სხვა დროს არ დამმართნია. ბავშვებმა რაღაცის ჯიუტად აჩემება და „მინდას“ ძახილი რომ იციან, აი, ამ ფსიქიკის ადამიანია“, – ამბობს გიორგი გურგულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები