რა მოხდა მარნეულში? – „მასწავლებელი მოსწავლეებს სექსუალური შინაარსის ფოტოების დათვალიერებას აიძულებდა“

მასწავლებელი მოსწავლეებს ფულს სძალავდა და სექსუალური შინაარსის ფოტოების დათვალიერებას აიძულებდა, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, ფაქტი მარნეულის სოფელ აზიზქენდში დაფიქსირდა. ოცამდე მოსწავლემ განცხადება საკუთარი ინიციატივით დაწერა და დასახმარებლად „საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციას“ მიმართა.
როგორც მოსწავლეები ყვებიან, სოფელ აზიზქენდში ჩასული მასწავლებელი ირმა შველაძე, რომელსაც მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესწავლა ევალება, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოსწავლეებზე ძალადობს და მათზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს. მოსწავლეები ირმა შველაძის სასწავლო პროცესიდან ჩამოშორებას ითხოვენ. გამოცემასთან საუბრისას ერთი-ერთი მოსწავლის მშობელი აცხადებს, რომ მასწავლებელი მოსწავლეს გაკვეთილზე უხერხულ კითხვებს უსვამდა.
„ერთხელ ჩემმა შვილმა მომიყვა თავის კლასელზე, რომლის მამაც რუსეთში მუშაობს და დიდ ნაწილს სწორედ იქ ატარებს. როდესაც ამ ბავშვის მამა ჩამოვიდა რუსეთიდან, მეორე დღეს ირმა მასწავლებელმა მთელი კლასის თანდასწრებით ჰკითხა მოსწავლეს, გუშინ საღამოს მამაშენი და დედაშენი რით იყვნენ დაკავებულებია“,-ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი. მეხუთეკლასელის მშობლის ასკაროვი ზუფულუგოვის განცხადებით კი, შველაძე მოსწავლეებს სექსუალური შინაარსის ფოტოებს ათვალიერებინებდა. „ცუდ სურათებს ათვალიერებინებდა გაკვეთილზე ბავშვებს. 18+ ვგულისხმობ“, – ამბობს მშობელი.
სკოლის მოსწავლის თელმან გურბანოვის თქმით, გაკვეთილზე დაგვიანებისა და ქართული სიტყვის შეცდომით წარმოთქმის გამო შველაძე მათ ფულს სძალავდა. „იყო შემთხვევბი, როდესაც გაკვეთილზე ვაგვიანებდი და თითო დაგვიანებაზე 50 თეთრს გვართმევდა ყველას. თვითონ ირმას გაკვეთილზე, ანუ როდესაც ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი გვქონდა, გვიჭირდა ქართულად გამართულად საუბარი, სიტყვების წარმოთქმა და ამ დროსაც თითო არასწორად წარმოთქმულ სიტყვაში 20-30 თეთრი უნდა გადაგვეხადა. ეს ჯარიმა იყო, თან გვემუქრებოდა, ატესტატს არ მოგცემთო, თქვენი ბედი ჩემს ხელშიაო“, – ამბობს გურბანოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები