„ბურჯანაძე რუსეთის გამარჯვებას ქვეყნის შიგნით თავის გამარჯვებად აღიქვამს, ეს მისი აუხდენელი ოცნებაა“

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე რუსულ მედიაში ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც, კაციტაძის თქმით, ბურჯანაძემ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიარა და განვითარებულ მოვლენებს ის შეუქცევადი პროცესი უწოდა, რომელსაც უკვე ვერავინ შეაჩერებს.
როგორც კაციტაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, მისთვის ასეთი განცხადება ბურჯანაძის მხრიდან მოულოდნელი არ იყო, რადგან მისთვის პუტინისთვის ხელი ჩამორთმევა უფრო ფასეულია, ვიდრე საქართველოს ინტერესები.
მამუკა კაციტაძე დე ფაქტო რესპუბლიკებს და რუსეთ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასაც შეეხო. მისი თქმით, ნინო ბურჯანაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ანალოგიური ხელშეკრულება არა ოკუპირებულ რეგიონებთან, არამედ უკვე პირდაპირ საქართველოსთან გაფორმდებოდა.
„ნინო ბურჯანაძე საქართველოს მომავალს, მის განვითარებას რუსეთთან სტრატეგიულ ურთიერთობებში ხედავს. როდესაც ბურჯანაძე გამოდის და ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში მარიონეტულ რეჟიმებთან რუსეთი ხელშეკრულებას არ გააფორებდა, მართალია, რადგან ამ შემთხვევაში რუსეთი პირდაპირ საქართველოსთან გააფორმებდა ასეთ ხელშეკრულებას. როდესაც დღეს საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე ერთმანეთს დასავლეთი და მეორე მხარეს რუსეთი და ევრაზიული კავშირი დგანან, ბურჯანაძე ირჩევს მეორეს. მას რუსეთის საერთაშორისო ასპარეზზე გამარჯვება ქვეყნის შიგნით მის გამარჯვებად წარმოუდგენია. როგორც ჩანს, საქართველოში ყველას თავისი აუხდენელი ოცნება აქვს. ეს ბურჯანაძის აუხდენელი ოცნებაა“,- აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები