თინა ხიდაშელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ბუნდესტაგის წევრებს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ ბუნდესტაგის წევრებს შეხვდა. საუბრის მთავარ თემას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და მისი იმპლემენტაციის საკითხები წარმოადგენდა. გერმანელი კანონმდებლების შეფასებით, გერმანია დიდი ინტერესით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
მარტინ პეცოლდისთან და ტანკრედ შიპანსკისთან გამართული შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით საქართველომ წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
“გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც საუბარი ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) გეგმას შეეხო. საქართველოს პარლამენტი აპირებს, ერთი მხრივ, კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას და, მეორე მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგს, რათა ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს. გერმანელ კოლეგებთან რიგის სამიტზე და იმ გამოწვევებზეც ვისაუბრეთ, რომელიც ევროპული ბაზრის გახსნის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის წინაშე დგას”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები