ხოდორკოვსკი – პუტინმა უკრაინაში ომი იმიტომ დაიწყო, რომ შიდა მტრები “ამოწურა”
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ომი იმიტომ გააჩაღა, რომ მან შიდა მტრები “ამოწურა”, – ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა, კომპანია “იუკოსის“ ყოფილმა მეპატრონემ მიხეილ ხოდორკოვსკიმ განაცხადა კალიფორნიის სტენფორდის უნივერსიტეტში სიტვით გამოსვლისას.
ხოდორკოვსკის განცხადებით, პუტინმა რუსეთში სახელმწიფო კაპიტალიზმის მოდელი შექმნა, რომელიც დიდხანს ვერ განვითარდება. ამის გამო ეკონომიკური ზრდა რუსეთში 2004 წლის შემდეგ მუდმივად ეცემა. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს შემოსავლები იზრდება. რაც შეეხება 2014 და 2015 წლებს, აქ უკვე შეინიშნება ეკონომიკის კლება. „ისეთი ტიპის სახელმწიფო, რომელიც პუტინმა შექმნა, ყოველთვის ომისთვის იქმნებოდა. იმისთვის, რომ ასეთი სისტემის არსებობა გაამართლოს, მან ეს ომი დაიწყო. შიდა მტერი თავისუფალი ბიზნესის სახით მან მთლიანად გაანადგურა. ამიტომ კლეპტოკრატიის გარშემო მასების მობილიზაციისთვის ახალი – ამჯერად საგარეო მტერი გახდა აუცილებელი“, – განაცხადა ხოდორკოვსკიმ.