შალვა აბულაძის წერილი: თუ რამე ახალს მომიფიქრებთ, ჩემი გვამი და სისხლი კვლავ მზადაა, გემსახუროთ…

გაზეთი „ასავალ-დასავალი” შალვა აბულაძის წერილს აქვეყნებს, რომელიც აბულაძემ პატიმრობაში ყოფნისას, 2012 წლის 14 იანვარს დაწერა.
„…რატომ წავიდეთ შორს, ცოცხალი მაგალითი სახეზე ვარ, მესროლეს, თავი დავიცავი და მეც ვესროლე. ორ კვირაში აღარც ერთს ჰქონდა ჭრილობა და აღარც მეორეს, მაგრამ გვქონდა დღევანდელი სტატისტიკებითა და მოსახლეობის 70%-იანი მხარდაჭერით ზომაზე მეტად გალაღებული სასამართლოს ორი განაჩენი. ერთზე ეწერა თექვსმეტი წლით, მეორეზე – ოცით! კითხვაზე – თუ როგორ მოიქცეოდა პროკურორი ჩემს ადგილზე – მიპასუხა, რომ ისიც თავს დაიცავდა, მოიქცეოდა ისე, როგორც მე, თუკი მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა თავდამსხმელის მოქმედება, ისევე, როგორც შემექმნა მე… თუ რამე ახალს მომიფიქრებთ და მომიხერხებთ, ჩემი გვამი და სისხლი კვლავ მზადაა, გემსახუროთ, ოღონდ ჯერ გამომწოვეთ, მერე კი მძიძგნეთ და მკორტნეთ, რამდენიც გენებოთ და მაინც, ვინმემ რომ არ იფიქროს, 20 წელი მისცეს, გაბოროტდა და ფსიქიკური აშლილობის გადაფარვას თავზეხელაღებული ვაჟკაცობით ცდილობსო, ვურჩევ, ტოლსტოის „აღდგომა” წაიკითხოს, თუნდაც იმიტომ, რომ ჭეშმარიტი აღდგომის შეუგრძნებლად არ გაეხვიოს მიწის საბანში, მერე კი იმიტომ, რომ გაიგოს, თუ რას ეყრდნობა იმ ადამიანის რწმენა, ვისთვისაც ცხოვრების უმკაცრესი რეალობა მხოლოდ არარაობაა და სხვა მეტი არაფერი…
და ბოლოს, იმ ქვეყანაში, სადაც დაკანონებულია „უსამართლობა”, ერთადერთი საკადრისი ადგილი პატიოსანი კაცისთვის არის საპყრობილე – ეს სიტყვებიც ტოლსტოის „აღდგომიდანაა”, რომლის წარმოთქმისას, მან ჯერ იმას გაუსვა ხაზი, რომ ფრაზაში გამონასკვული სულისკვეთება ამერიკელ მწერალს ტოროს ეკუთვნის… ჰოდა, ვარ მეც საპყრობილეში, როგორც ტორო კორიდაზე!”- წერს შალვა აბულაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები