ბალტიის ზღვაზე მომხდარი ინციდენტის გამო აშშ რუსეთს პროტესტს უცხადებს
აშშ-ს თავდაცვის უწყებამ რუსული ავიგამანადგურებლის პოლოტის მოქმედებას „სახიფათო და არაპროფესიონალური“ უწოდა და მოსკოვი ორი ქვეყნის ურთიერთობებში შესაძლო გართულებების შესახებ გააფრთხილა.
„რუსული ავიგამანადგურებლის პილოტის მოქმედებამ, რომელმაც აშშ-ს სადაზვერვო თვითმფრინავის უშუალო სიახლოვეს ჩაიფრინა, საფრთხე შეუქმნა ამ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე საჰაერო ხომლადს. და, რაც მთავარია, ამან შეიძლება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავოს“, – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა მარკ რაიტმა.
აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული თვითმფრინავი ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში პოლონეთისგან ჩრდილოეთით იმყოფებოდა. ამ დროს მას უკანა მხრიდან რუსული თვითმფრინავი მიუხლოვდა და შემდეგ ორჯერ შემოუფრინა. რუსულ მედიაში გამოითქვა ვარაუდი, რომ აშშ-ს სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135U კალინინგრადის ოლქში „ისკანდერების“ ტიპის რაკეტებს აკვირდებოდა.