მინდია ჯანელიძე: ნატოს ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში რამდენიმე თვეში ჩამოვა
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციას საქართველოში ნატოს ექსპერტთა მუდმივი ჯგუფი დააკვირდება – ამის შესახებ მინდია ჯანელიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში გაზაფხულის ბოლოს, ან ზაფხულის დასაწყისში მუდმივი ჯგუფი ეწვევა, რომელიც პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს დააკვირდება. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მინდია ჯანელიძეს უსმენს. თავდაცვის მინისტრი გაწეული საქმიანობის ანგარიშით ამ წუთებში გამოდის. სხდომას ესწრებიან უმცირესობის წევრები, რომლებიც ზოგადად, თბილისში გამართულ საკომიტეტო სხდომებში არ მონაწილეობენ. მინისტრის მოსასმენად პარლამენტში მივიდა უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი. პარლამენტში იმყოფებიან გენერალური შტაბის წარმომადგენლები, ასევე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ. კომიტეტის სხდომის შემდეგ გაიმართება ნდობის ჯგუფის შეხვედრა.