ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე ანგარიში წარუდგინა

  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ პროექტის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა იმ დადებითი ტენდენციის შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში ფიქსირდება.
მისი განცხადებით, 2013 წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების მიუხედავად, წინა წლის ოქტომბრიდან ტენდენცია შეიცვალა და ეკონომიკური ზრდა ოქტომბერში – 4.4%, ნოემბერში – 8.0%, ხოლო დეკემბერში – 8.8% დაფიქსირდა. წინასწარი შეფასებით, 2013 წელს ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 3.2% შეადგინა (სავარაუდოდ, დაზუსტდება და 3.5-3.6% იქნება). ბოლო კვარტლის ზრდის ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წლის დასაწყისიდანაც – იანვარში 7,8%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება;
2014 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა და 761 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტი 14%-ით (224 მლნ აშშ დოლარი) და იმპორტი 15%-ით გაიზარდა (538 აშშ დოლარი).
2014 წლის იანვარ-თებერვალში გადასახადების სახით ბიუჯეტში მობილიზებულია 982,9 მლნ ლარი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში 13,0%-ით (112.9 მლნ ლარი) მეტია. აღნიშნული მატებიდან 65,3 მლნ ლარი იანვრის თვეზე მოდის, ხოლო 47,5 მლნ ლარი – თებერვალზე.
მიმდინარე წლის იანვარში, 2013 წლის იანვართან შედარებით, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 15%-ით გაიზარდა და 3.567 მლრდ ლარი შეადგინა, მათ შორის: სოფლის მეურნეობა 84,0%-ით; მშენებლობა 43,0%-ით; კომუნალური მომსახურების გაწევა 30,0%-ით; სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობა 12,0%-ით. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ზრდის ტემპის ასეთი გამოცოცხლების ფონზე, 2014 წლისთვის პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იანი ზრდა აბსოლუტურად რეალისტურია, შეიძლება ითქვას – კონსერვატულიც. თუმცა, ხელისუფლების პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები არა მხოლოდ ციფრებისა და მაჩვენებლების დონეზე რჩებოდეს, როგორც ეს ადრე ხდებოდა, – როდესაც საერთაშორისო მასშტაბით საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ-ის მიხედვით 2004 წელს 116-ე ადგილზე იყო, ხოლო 2012 წლისთვის ქვეყნის პოზიცია მხოლოდ ერთი ადგილით გაუმჯობესდა და 115-ზე გადავიდა, – არამედ ეკონომიკური ზრდა აისახებოდეს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. ფინანსთა მინისტრმა ასევე ქვეყნის სოციალურ -ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის – „საქართველო 2020“-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრატეგია მიზნად ქვეყანაში ინკლუზიურ/ყოვლისმომცველ ეკონომიკურ ზრდას ისახავს.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტი საბოლოო დამტკიცებამდე ღია და საჯაროა ყველასთვის, რადგან სამინისტროსთვის მისაღები და საყურადღებოა საზოგადოების თუნდაც ყველაზე კრიტიკული, თუმცა ჯანსაღი მოსაზრება. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა შეაფასა პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ, მართლაც, ისტორიული იყო ის შეხვედრები, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა. რეალურად, ეს იყო დიდი სტიმული იმისა, რომ საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მტკიცედ არჩეული კურსი გააგრძელოს. ეს ვიზიტი უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტების სხვა შეკითხვებსაც უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები