მიხეილ სააკაშვილი კიევში სამუშაოდ ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, მათ შორის კარლ ბილდტს ეპატიჟება

ცნობილი გახდა იმ პირთა ვინაობა, ვისაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოში სამუშაოდ იწვევს.
მათ შორის ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრიც არის, რომელმაც ეს ინფორმაცია გაახმაურა.
როგორც ლიტვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ამჟამად პარტია „სამამულო კავშირი – ლიტვის ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა ანდრიუს კუბილიუსიმა BNS-ს განუცხადა, იგი  სამუშაოდ მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს მიერ შექმნილ უცხოელ მრჩეველთა გუნდში, რომლის მიზანიც უკრაინაში რეფორმების განხორციელების ხელშეწყობაა.
როგორც კუბილიუსმა აღნიშნა, მან ასეთი შეთავაზება 31 მარტის საღამოს სატელეფონო საუბრისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო, რომელიც რეფორმების საკითხში უკრაინის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს.
„მან მე დამირეკა და მითხრა, თუ ვინ შეიძლება შევიდეს ამ საბჭოს შემადგენლობაში სხვა ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსებისგან და მე დავთანხმდი“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე სხვა პოტენციური მრჩევლის გვარიც დაუსახელა, ვისთანაც უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ან უკვე შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. ესენი არიან: შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ ვოლსკი, სლოვაკეთის ყოფილი პრემიერი მიკულაშ ძურინდა, ასევე ცნობილი შვედი ეკონომისტი ანდერს ასლუნდი, რომელიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას მრჩეველი იყო ეკონომიკის საკითხებში.
კუბილიუსის თქმით, ეს საკონსულტაციო საბჭო სავარაუდოდ, არაფორმალურად იმუშავებს, თუმცა დროდადრო უკრაინაში სხდომების ჩატარება გახდება საჭირო. კუბილიუსმა ჯერ არ იცის, თუ როდის შეძლებს მრჩეველთა გუნდი, რომ საქმეს შეუდგეს. მისივე თქმით, უკრაინაში უმთავრესად რეფორმები გასატარებელია ეკონომიკის დარგში, სამართალდამცველების მუშაობის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელად თებერვალში დაინიშნა.

წყარო: “პირWელი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები