ევროსაბჭოს მინისტრების მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე ხათუნა თოთლაძემ რუსული ანექსია დაგმო

საგარეო საქმეთა სამინისტორს ინფორმაციით, დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
“თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ აღნიშნული ფაქტი შეაფასა, როგორც რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის პრინციპების მორიგი დარღვევა და საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსია, რომელსაც რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდებისა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ე.წ. ხელშეკრულება არის რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევა, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და მძიმე შედეგებს მოიტანს საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის. მინისტრის მოადგილემ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, დაგმონ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები და გადადგან ქმედითი ნაბიჯები ამ გამოწვევის საპასუხოდ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროპის საბჭოს მონიტორინგის მექანიზმების შესვლის აუცილებლობაზე.
სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გააკეთეს ევროკავშირის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთს, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, პორტუგალიის, უკრაინის, ირლანდიის, შვედეთის, თურქეთის, სლოვენიის, ბულგარეთის და მოლდოვის დელეგაციებმა. მათ დაგმეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. ხელშეკრულებების ხელმოწერა და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,-აღნიშნულია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები