მთავრობამ ანძის გამორთვასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა
მთავრობის საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება სატელევიზიო ანძის განათების გამორთვასთან დაკავშირებით შეიცავს შანტაჟისა და პირდაპირი საბოტაჟის ნიშნებს.
“გვსურს ყველას შევახსენოთ, რომ მსგავსი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით. ანძის განათება პირდაპირ უკავშირდება საავიაციო უსაფრთხოებას. ამიტომ, მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიცავს სერიოზულ საფრთხეს საჰაერო ნავიგაციისთვის. აქვე შევახსენებთ საზოგადოებას, რომ საქართველოს მთავრობას, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს, არც ერთხელ არ შეუფერხებია თბილისის მერიისთვის კანონით გათვალისწინებული ტრანსფერის გადარიცხვა. შესაბამისად, ბიუჯეტის ჩავარდნით სპეკულაცია, თითქოს საფრთხე ექმნება დედაქალაქის ნორმალურ ფუნქციონირებას, არ შეესაბამება სიმართლეს. კიდევ ერთხელ შევახსენებთ თბილისის მერიას, რომ მათი გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ შეიცავს საბოტაჟების ნიშნებს, საფრთხეს უქმნის მოქალაქეების უსაფრთხოებას.
მოვუწოდებთ თბილისის მერიას, დაუყოვნებლივ აღადგინოს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის სატელევიზიო ანძისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად”, – ნათქვამია მთავრობის საგანგებო განცხადებაში.