„ყველა აღელვებულია, რომ ჩვენი თანამშრომლების ობიექტურობა პოლიტიკოსებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს”

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის „ვექტორის“ ხელმძღვანელის ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, მისი ცენტრი ე.წ. კაბელების საქმის ახალი სკანდალის შემდეგ უხერხულ ვითარებაში აღმოჩნდა. ალექსანდრე გეჯაძემ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით მისი ცენტრის მიერ წარმოებულ ექსპერტიზაზე  „პირველ პრესკლუბში“ ისაუბრა.

„ე.წ. კაბელების საქმესთან მიმართებაში, აღნიშნული ექსპერტიზა ჩვენთან 2014 წლის 23 დეკემბერს დაინიშნა, რომელიც მუშაობის შრომატევად პროცესს მოიცავდა. ექსპერტიზა დაინიშნა ლევან და გიორგი სამუშიების ადვოკატების ერთობლივი განცხადების საფუძველზე და მათ ჩვენს ექსპერტებს ეტაპობრივად წარმოუდგინეს გამოძიებიდან ოფიციალურად ამოღებული საბუთები. ეს სამუშაოები მიდიოდა გეგმიურად, ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე. ექსპერტიზის წარმოების პროცესში ორი ექსპერტი მონაწილეობდა. პირველი გახლავთ ტექნიკური მიმართულების ექსპერტი იური მოდებაძე. მის ფუნქციებში ამ ტელეკომუნიკაციების, კაბელების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა შედიოდა. ამავდროულად, ექსპერტიზაში მონაწილეობდა მეორე ექსპერტი ავთანდილ გუნთაიშვილი, ჩვენი ცენტრი საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტი, რომლის ფუნქციებში ფინანსური საკითხების შესწავლა შედიოდა.  ექსპერტიზა დაიბეჭდა და უკვე  ხელმოსაწერად მზად იყო 24 მარტს. მას ხელი მოაწერა ერთმა ექსპერტმა იური მოდებაძემ. ბატონ ავთანდილმა საფინანსო კუთხით ხელი ვერ მოაწერა. ამ ტერმინს მე ვხმარობ შეგნებულად – არა, „არ მოაწერა“, არამედ „ვერ მოაწერა“ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მან საჯარო სამსახურში დაიწყო მოღვაწეობა. ეს პიროვნება არის საპენსიო ასაკს მიღწეული, საკმაოდ გამოცდილი და ბუნებრივია, ადამიანისთვის, მით უმეტეს პენსიონერისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობა იქ, სადაც ყოველთვიური ანაზღაურება გაქვს, ბევრს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, მე მესმის ბატონი ავთანდილის გადაწყვეტილება იმ მხრივ, რომ ის საჯარო სამსახურში გადავიდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მას კერძო სექტორში მუშაობის უფლება აღარ ქონდა. ეს ყველაფერი მოხდა ექსპერტიზის დამთავრებამდე რამდენიმე დღით ადრე და აქედან გამომდინარე, მან ექსპერტიზას ხელი ოფიციალურად ვეღარ მოაწერა. მიუხედავად ამისა, დაცვის მხარემ დასკვნა, ანუ პროდუქტი წაიღო. დასკვნა არის ერთი ექსპერტის მიერ ხელმოწერილი და ბუნებრივია, ფინანსური კუთხით შეიძლება. რომ არასრულყოფილად ჩაითვალოს. ყოველ შემთხვევაში რამდენად სრულყოფილად ჩაითვლება საბოლოო ჯამში, ეს იურისტების მსჯელობის საგანია“, – განაცხადა გეჯაძემ.

მისივე განცხადებით, ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, როგორ მოხდა, რომ მაინცდამაინც ექსპერტიზის დასრულების წინა დღეს ექსპერტი  ექსპერტიზას ხელს აღარ აწერს.

„ბუნებრივია, შინაგანად ის ამას განიცდიდა ადამიანურად, თუმცაღა კანონის დაცვა და მოთხოვნები მისთვის უფრო მაღლა დგას და მან როგორც კი შეიტყო. რომ კერძო საექსპერტო დაწესებულებაში მუშაობის უფლება არ ჰქონდა, მან დაწერა ეს განცხადება ჩემს სახელზე. ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბატონი ავთანდილი მოიტაცეს და ზეწოლას ჰქონდა ადგილი და ა.შ. მე მაქვს ხელში ბატონი ავთანდილის განცხადება და ამის გარდა პირად საუბრებშიც ვკითხე, ხომ არ არსებობს დამატებით ისეთი გარემოება რეალურად შენი გატაცების. მან მე მითხრა, რომ გატაცებული რომ ყოფილიყო ვეღარ დარეკავდა ჩემთან და ა.შ. გარდა ამისა, მე ვიცნობ ბატონი ავთანდილის ოჯახის წევრებს, მის ახლო ნათესავებს და მიმაჩნია, რომ რამე ყოფილიყო, ისინი აუცილებლად დამიკავშირდებოდნენ მე, როგორც ავთანდილის დაწესებულების ხელმძღვანელს და საქმის კურსში ჩამაყენებდნენ. ამავდროულად, ალბათ, სხვა წყაროებითაც მივიღებდი ინფორმაციას თუ ექნებოდა ადგილი გატაცებას ან სხვა სახის ზემოქმედებას“, – აღნიშნა გეჯაძემ.

მან აქვე განაცხადა, რომ  ცენტრი დამოუკიდებელი სტატუსით 2005 წელს დაარსდა.

„2005 წლიდან დღემდე ყოველგვარი ჩრდილის გარეშე მოვდივართ, მოვდივართ პირნათლად და ობიექტური დასკვნებით. არაერთ რეზონანსულ საქმეზე საკმაოდ მძიმე დასკვნები დაგვიდა და აქამდე ასეთი ნეგატიური ფონის ქვეშ არ ვყოფილვართ. ჩვენი ცენტრის ყველა თანამშრომელი საკმაოდ აღელვებულია და გარკვეულწილად გაუგებარ მდგომარეობაში იმყოფება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი თანამშრომლების ობიექტურობა ერთგვარად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მხარემ. იგულისხმება პოლიტიკოსები და ა.შ. მე არ დავკონკრეტდები გვარებზე, რადგან ეს ჩვენი ცენტრის იმჯსა და თავმოყვარეობაში არ ჯდება. მინდა განვაცხადო, რომ როგორც 2005 წლიდან დღემდე ვმუშაობდით, კვლავაც გავაგრძლებთ ობიექტურ მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომელიმე მხარისთვის ეს დასკვნა იქნება მისაღები თუ არა. ჩვენ მხოლოდ ექსპერტიზის წარმოების სტანდარტებს ვემორჩილებით, ობიექტურ მტკიცებულებებს და მეტს არაფერს“, – აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი  მინისტრი ირაკლი ალასანია პროკურატურას თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე მომუშავე ექსპერტის ავთანდილ გუნთიაშვილის გატაცებასა და მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ალასანია აცხადებს, რომ პროკურატურამ დაკითხა ავთანდილ გუმთიაშვილი, რომელიც ექსპერტია და ალასანიას თქმით, მას აიძულეს უარი ეთქვა საკუთარ დასკვნაზე.

“პროკურატურამ სასწრაფოდ წაიყვანა პროკურატურაში ავთანდილ გუნთაიშვილი ეს არის ექსპერტი, ტექნიკოსი, რომელიც ადექვატურ, სწორ შეფასებებს აძლევდა დაცვის მხარეს და ის აიძულეს ზეწოლის ქვეშ რომ უარი ეთქვა საკუთარ დასკვნაზე. ეს არის პროკურატურის სირცხვილი, სირცხვილი ივანიშვილის, რომელმაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. მე ამას ასე არ დავტოვებ”,-განაცხადა ალასანიამ.

წყარო: “პირWელი”

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები