დავით უსუფაშვილი: დემოკრატია დამყარდება ამ ქვეყანაში და მთელს რეგიონში
„ძალიან ოპტიმისტები ვართ და დიდია ჩვენი ენთუზიაზმი. უფრო მეტად გვაქვს იმედი, რომ დიახ, დემოკრატია დამყარდება ამ ქვეყანაში და მთელს რეგიონში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დემოკრატიის გარეშე საქართველო სხვა მნიშვნელოვან მიზნებს, როგორიცაა ეკონომიკური ზრდა, კეთილდღეობა და მშვიდობა, ვერ მიაღწევს. უსუფაშვილის განცხადებით, საქართველომ გაიარა გრძელი პროცესი და ჰქონდა მცდელობა, ეკონომიკური ზრდისათვის დემოკრატიის გარეშე მიეღწია, მაგრამ ამან არ იმუშავა.
“დღევანდელი ღონისძიება არის შესანიშნავი საშუალება, გავზომოთ, თუ როგორია დემოკრატიის სულისკვეთება, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. კონფერენცია პარტნიორობის კარგი დემონსტრირებაა, თუ როგორ გვესმის ერთმანეთის. ხალხი, რომელიც აქ ბრძანდება, წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნებს, მაგრამ გვაერთიანებს საერთო სულისკვეთება. ვხედავთ, როგორ მოწადინებულნი ხართ, რომ მხარდაჭერა გაგვიწიოთ და წვლილი შეიტანოთ საერთო განვითარებაში. ძალიან ოპტიმისტები ვართ და დიდია ჩვენი ენთუზიაზმი. უფრო მეტად გვაქვს იმედი, რომ დიახ, დემოკრატია დამყარდება ამ ქვეყანაში და მთელს რეგიონში, დიახ, დემოკრატია გახდება მდგრადი ჩვენს საზოგადოებაში და დემოკრატიული სულისკვეთება ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებად გარდაიქმნება, ამგვარი სულისკვეთების გარეშე არაფერი არ მოხდება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. უბრალოდ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს იყოს მდგრადი და განვითარებადი”, – მიმართა კონფერენციის მონაწილეებს დავით უსუფაშვილმა.
ორდღიანი კონფერენცია სახელწოდებით: “დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში” სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიხსნა. კონფერენცია იმართება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის თანამშრომლობით, ასევე ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს”, აშშ-ის საელჩოს და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით. ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობენ აშშ-ის, ნატოს წარმომადგენლები, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგნელები, სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.