თამარ ბერუჩაშვილი: ასოცირების შეთანხმების ამოქმედება საერთაშორისო დახმარების გარეშე ძნელი იქნება
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ამოქმედება იმ მასშტაბის ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებს მოითხოვს, რომელთა მობილიზაცია საერთაშორისო დახმარების გარეშე ძალიან ძნელი იქნება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა დღეს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარე დონორთა ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მიზანმიმართული და პროაქტიური მუშაობით საქართველოს წინაშე არსებული პრიორიტეტული ამოცანები პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით განხორციელდება.
“საერთაშორისო დახმარების კუთხით საქართველო კვლავ რჩება პარტნიორი სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების პრიორიტეტად. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვი სულ უფრო იზრდება. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება პარტნიორი ქვეყნების საგარეო დახმარების ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, იძლევა ახალ, უნიკალურ შესაძლებლობებს, რომელთა ამოქმედება იმ მასშტაბის ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებს მოითხოვს, რომელთა მობილიზება საერთაშორისო დახმარების გარეშე ძალზე ძნელი იქნება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და კონკრეტული დახმარება ყველა მიმართულებით, იმ გამოცდილების გაზიარებისთვის, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ამ პროცესის წარმატებისთვის, გააქტიურდება”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.