ომანის სასულთნოს საპატიო კონსულის ვებგვერდიდან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ჩანაწერი ამოღებულია
თურქეთის რესპუბლიკაში, ქ.სტამბოლში ომანის სასულთნოს საპატიო კონსულის ვებგვერდიდან ამოღებულია ჩანაწერი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“აღნიშნული ცნობის მიღებისთანავე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და თურქეთში საქართველოს საელჩომ აწარმოა შესაბამისი სამუშაოები თურქეთში ომანის სასულთნოს საელჩოსთან, რის შემდეგაც ვებგვერდიდან ჩანაწერი ამოიღეს. ომანის მხარე ადასტურებს საკუთარ პატივისცემას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს დამყარდა. აღნიშნულ სახელმწიფოსთან საქართველოს გააჩნია ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობები. აქვე განვმარტავთ, რომ მოცემული ჩანაწერი განთავსებული იყო მხოლოდ საპატიო კონსულის ვებგვერდზე და არ იძებნებოდა არც ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მისი საელჩოების და საკონსულო დაწესებულებების ოფიციალურ ვებგვერდებზე”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.