გიორგი მარგველაშვილმა სინგაპურის პრემიერ -მინისტრის გარდაცვალების გამო პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სინგაპურის რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრის, ლი კვან იუს გარდაცვალების გამო, ქვეყნის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
“ნება მიბოძეთ, ქართველი ხალხის სახელით ღრმა მწუხარება გამოვთქვა უდიდესი სახელმწიფო მოღვაწისა და ლიდერის, მისი აღმატებულება ლი კვან იუს გარდაცვალების გამო. ეს დიდი დანაკლისია არა მარტო სინგაპურელი ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. ბატონი ლი კვან იუ იყო გამორჩეული ლიდერი, რომელმაც თავისი ხალხისათვის თავდადებული მსახურებით სინგაპური მსოფლიოს ერთ-ერთ წარმატებულ და აყვავებულ სახელმწიფოდ აქცია. დარწმუნებული ვარ, რომ თაობები მის სახელს საუკუნეების განმავლობაში არ დაივიწყებენ. ვიზიარებ ბატონი ლი კვან იუს ოჯახისა და სინგაპურელი ხალხის მწუხარებას ამ მძიმე დანაკლისის გამო”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.