დავით ნარმანია „ნაციონალური მოძრაობის” მიერ საკრებულოში ჩატარებულ სხდომაზე მისი დაუსწრებლობის მიზეზებს განმარტავს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ის ,,ნაციონალური მოძრაობის ” ყველა დაძახილზე მისვლას არ აპირებს და ეს მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ასე განმარტა თბილისის მერმა ,,ნაციონალური მოძრაობის” მიერ საკრებულოში ჩატარებულ სხდომაზე მისი დაუსწრებლობის მიზეზი.
,,მე არ მავალდებულებს კანონი, ყველა ასეთ შეხვედრაზე მივიდე. თანაც აპრილის დასაწყისში მათ წინაშე ისედაც უნდა წარვდგე კანონმდებლობის მიხედვით. ასე, რომ თუ რაიმე კითხვები აქვთ, შეუძლიათ დამისვან, როცა საკრებულოში მივალ. გავაგზავნეთ კიდევაც ოფიციალური წერილი, თუ რატომ ვერ მივედი დღევანდელ მათ სხდომაზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბარში.
თბილისის მერი ასევე ,,ნაციონალური მოძრაობის” იმ პრეტენზიებს გამოეხმაურა, რომელიც თბილისის ბიუჯეტის 1 800 000 ლარით შემცირებას უკავშირდება. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, “ქამრების შემოჭერა” მაშინაც დაიწყეს, როცა თბილისის ბიუჯეტი იგეგმებოდა, თუმცა იმის გამო, რომ დამატებით გახდა ამის საჭიროება, ადმინისტრაციული ხარჯები ისევ შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციების სხდომაზე დედაქალაქის მერი დავით ნარმანია იყო მიწვეული, თუმცა იგი საკრებულოში არ მისულა. “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციების სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხარჯები 1 800 000 ლარით შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები