„კონსტანტინე კუბლაშვილის მიმართ პრეზიდენტის მადლობა ცინიზმის შემცველია და საზოგადოებას შეურაცხყოფს“
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მიმართ გამოხატული მადლობის გამო აკრიტიკებს. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, მარგველაშვილის გამო პრეზიდენტის ადამინისტრაციას თავის მართლებამ მოუწია.
„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღეებელი იყო ფაქტი, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისგან გამომდინარეობდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილისადმი ერთგვარი კომპლიმენტის გამოხატულებაში. მოგეხსენებათ, მან მადლობა გადაუხადა და შემდეგ პრეზიდენტის ადამინისტრაციას თავის მართლებამ მოუწია იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე მადლობის ადრესატი ყოფილა არა კონსტანტინე კუბლაშვილი, არამედ თავად ინსტიტუცია, რასაც ჩვენ ვერ გავიზიარებთ. ეს იყო აბსოლუტურად პერსონალური მიმართვა იმ პირის მიმართ, რომლის თავმჯდომარეობის პერიოდში ჩვენ 200 პოლიტპატიმარი მივიღეთ. ეს ფაქტი თუნდაც ეტიკეტით გათვალისწინებული კომპლიმენტის გაკეთების გამომრიცხავია. ეს გარკვეულად ცინიზმის ელემენტების შემცველი გამოხატულებაა, რაც საზოგადოებას შეურაცხყოფს. მე კარგად მესმის საზოგადოების აღშფოთება, რომელიც პრეზიდენტის ამ განცხადებას მოყვა“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მან დღესვე აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევისას საქართველოს პარლამენტმა ძალიან სარისკო პროცედურები აწარმოა.
„მე, პირველ რიგში, ვულოცავ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. ჩვენ 10 წლით ავირჩიეთ პირი, რომელმაც დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტო უნდა წარმართოს იმგვარად, რომ სასამართლო ხელისუფლებამ მის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრა, ხოლო, მეორე მხრივ, წარსულში არსებული მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრა უზრუნველყოს. ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ ნინო გვენეტაძის გამოცდილება და კვალიფიკაცია მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი იქნებოდა“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა გვენეტაძის წარსულ საქმიანობაზე და „რესპუბლიკურ პარტიაში“ მისი მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა. „გარკვეული რისკები არსებობს იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა ნინო გვენეტაძე ირიბად, გარკვეული მექანიზმების გამოყენებით, იმ პოლიტიკურ პროცესში ერთ-ერთი მთავარი როლის მოთამაშე, რომელის განხორციელებასაც შესაძლებობებიდან გამომდინარე „რესპუბლიკური პარტია“ მოისურვებს“, – აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ნინო გვენეტაძე „რესპუბლიკური პარტიის“ აქტიური წევრი იყო და მან პარტიაში უფლებამოსილება 2012 წლის არჩევნების შემდგომ შეიჩერა.
„თუ მარტივ ლოგიკას მოვუხმობთ, გამარჯვებულ პარტიასთან ერთად მოსული ადამიანი გამარჯვების შემდგომ უნდა იზიარებდეს ყველა იმ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას, რასაც პოლიტიკური პარტია ბრძოლის გზაზე აღწევს. ეს შეჩერებაც სწორედ დაკავშირებული იყო იმასთან, რომ მისი კანდიდატურის განხილვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე უფლებამოსილების განხორციელებას 23 მარტიდან შეუდგა. იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 10 წლის ვადით აირჩიეს. მან აღნიშნულ თანამდებობაზე კონსტანტინე კუბლაშვილი შეცვალა. ამასთან, პრეზიდენტმა 23 მარტს თანამშრომელთა წინაშე ნინო გვენეტაძის წარდგენისას ყოფილ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს მადლობა გადაუხადა. “მადლობა ბატონ კოტეს მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს თაობათა ცვლა და ეს უმნიშვნელოვანესია. რთული პოლიტიკური პროცესი დასრულდა სასამართლო ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.