„ნაციონალების“ ანტიკორუფციული ჯგუფები ძველი „კმარას“ ფუნქციების გადაბარებას და სიტუაციის დაძაბვას შეეცდებიან“
ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
ფოფხაძის განცხადებით, ეს იქნება დესტრუქციული ჯგუფები, რომლებიც ძველი „კმარას“ ფუნქციების გადაბარებას და რეგიონებში, ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან სიტუაციის დაძაბვას შეეცდებიან.
„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, იმ გამოცდილებით ისარგებლოს, რაც მათ ე.წ ვარდების რევოლუციამ შეუქმნა. ჯერ კიდევ მაშინ ისინი ხელისუფლებაში მოსასვლელად ცდილობდნენ, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოეხდინათ, მერე კი ქუჩიდან აეღოთ ძალაუფლება ხელში. რა ანტიკორუფციულ ჯგუფებზეა საუბარი მათი მხრიდან, სასაცილოა. ეს იქნება დესტრუქციული ჯგუფები, რომლებიც ძველი „კმარას“ ფუნქციების გადაბარებას და რეგიონებში, ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან სიტუაციის დაძაბვას შეეცდებიან. ძალიან დიდი განსხვავებაა 2003 წელსა და დღევანდელობას შორის, ასეთი ეფექტებით „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პოლიტიკურ ეფექტს ვერ მიაღწევს. არანაირი ამოცანა და ფუნქცია ამ ანტიკორუფციულ ჯგუფებს არ შეიძლება ჰქონდეთ, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგენილია საკრებულოებშიც და ადგილობრივი ორგანიზაციებიც ჰყავს. კორუფციასთან ბრძოლის კუთხით აქტიურად ვმუშაობთ ჩვენც, პროკურატურაც, ნამდვილად არ ვაპირებთ იმ ადამიანების დაცვას, ვინც თანამდებობრივ მდგომარეობას ბოროტად გამოიყენებს“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.