დავით ბაქრაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის დანიშნულ ელჩს (რეზიდენციით ბაქოში) აქსელ ვეხს შეხვდა.
მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების პროცესზე. დავით ბაქრაძემ აქსელ ვეხს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების განხორციელების საკითხებზე და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რიგის სამიტზე შესრულებული ვალდებულებებით წარსდგება. თავის მხრივ, ელჩმა აღნიშნა, რომ ავსტრია მხარს დაუჭერს საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესის ადექვატურად ასახვას სამიტის გადაწყვეტილებებში.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე წლის 18-19 მაისს საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრეს. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის მომზადების კონტექსტში აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, სამართალდამცავ, ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ავსტრიაში ქართული პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება.