აჭარის უმაღლესი საბჭოს 10 დეპუტატის დადგენილებას საბჭოს თავმჯდომარე არ აღიარებს
„ქართული ოცნებიდან“ გარიცხულმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ჯემალ ფუტკარაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მისი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე არჩევის შესახებ ისაუბრა.
საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, ის სრულიად კანონიერად იქნა არჩეული თანამდებობაზე, თუმცა იურიდიულად საქმის აღსრულებას ვერ იწყებს, რადგან საბჭოს გადაწყვეტილებას თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე არ ატარებს და ბლოკავს.
„აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია, აქედან ერთი თავმჯდომარეა, ერთი თავმჯდომარის მოადგილე, 6 კომისიის თავმჯდომარე, რომლებმაც უმაღლესი საბჭოს ნორმალური ფუნქციონირება უნდა უზრუნველყონ. უმაღლესი საბჭოს დეპუტაციის ერთმა ნაწილმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა და კონსტიტუციის ფარგლებში მოხდა მოადგილის გადაყენება, მასთან ერთად ჩვენ საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გადავაყენეთ. ვაკანტურ თანამდებობებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი უმაღლეს საბჭოში არანაირ პასუხისმგებლობას არ აიღებდნენ, უარს აცხადებენ „თავისუფალი დემოკრატებიდან“ გასული ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატებიც. ბოლოს საბჭოს სამმა დეპუტატმა იმ დროისთვის „ქართული ოცნების“ წევრის ჩემი კანდიდატურა მოადგილის ადგილზე წარადგინეს. ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ეს და მე „ქართული ოცნებიდან“ გამრიცხეს. მმართველ გუნდს, ჩემი გარიცხვის მიუხედავად, თავისი კანდიდატურა არ დაუყენებია. უმაღლესი საბჭოს 10 დეპუტატმა მე მხარი დამიჭირა. 2015 წლის 13 მარტს აჭარის უმაღლესმა საბჭომ თავისი დადგენილებით, რომელსაც კენჭი არ უყარა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, მაგრამ უყარა დეპუტაციამ და დაუჭირა მხარი ჩემი არჩევის გადაწყვეტილებას, ეს არ გაიზიარა ავთანდილ ბერიძემ და იურიდიულად არ ცნო გადაწყვეტილება. მოვუწოდებ ხელისუფლებას, სესიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დადგენილება გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში, რათა დადგინდეს. შეესაბამება თუ არა ის ქვეყნაში არსებულ იურიდიულ ნორმებს“, -განაცხადა ჯემალ ფუტკარაძემ.