ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარე: რა აგრესიასაც ვხედავთ უკრაინის წინააღმდეგ, იგივე აგრესია იყო რამდენიმე წლის წინ საქართველოს მიმართ

ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ კოლეგასთან დავით უსუფაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება. ოლემიკ ტომესენის შეფასებით, დემოკრატიული მიდგომები და აზროვნება რუსეთის აგრესიის გამო გამოწვევების წინაშეა. მისივე შეფასებით, გამოწვევები ასევე მოდის ექსტემისტული ჯგუფების მხრიდან.
“მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინისკენ. ნორვეგია არ ივიწყებს საქართველოს ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. გუშინ დევნილთა დასახლებაში ვიყავი, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შემახსენა იმის მნიშვნელობა, რომ არ დავივიწყოთ ეს ადამიანები, მათი ბედ-იღბალი. რა აგრესიასაც ვხედავთ უკრაინის წინააღმდეგ, იგივე აგრესია იყო რამდენიმე წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის მთლიანობა. არ უნდა დაგვავიწყდეს კონფლიქტის საფრთხე საქართველოს წინააღმდეგ. კარგი პასუხი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება, უჩვენოთ მაგალითი იმისა, რომ შეიქმნას საზოგადოება, რომელიც იქნება კეთილდღეობის საზოგადოება, სტაბილური, ნამდვილი დემოკრატიის სახელმწიფო. ამგვარად უნდა მოვიგოთ გრძელვადიან პერსპექტივაში კონფლიქტი. თქვენ კარგად მიდიხართ ამ გზაზე”, – განაცხადა ოლემიკ ტომესენმა.
მან საქართველო-ნორვეგიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის სპიკერი საქართველოში 27 მარტამდე დარჩება, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ოლემიკ ტომესენს შეხვედრები დაგეგმილი აქვს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები