პატრულის ყოფილი თანამშრომელი „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობას ნანობს

პატრულის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ლომსაძე ნანობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჯერა და მათთან ითანამშრომლა. როგორც ყოფილი პოლიციელი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მას „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში ურჩიეს, რომ მისი გათავისუფლება შსს-ს მაღალჩინოსნის ზურაბ ბერიკაშვილის ინციდენტისთვის დაეკავშირებინა და დაუჯერა. ამავე ინტერვიუში ლომიძე აცხადებს, რომ შეცდა, რადგან „ნაციონალებს დაუჯერა“.
ლომსაძის თქმით, ის სინამდვილეში სამსახურიდან თავისი ნებით წამოვიდა. მისი განმარტებით, „ნაციონალების“ მიერ გასაჯაროებული ერთ-ერთი ჩანაწერი, რომელსაც სკანდალი მოჰყვა, ბორჯომის ინციდენტს ასახავდა. იმის გამო, რომ პატრულმა გიორგი ლომსაძემ მთვრალი შსს-ს მაღალჩინოსანი ზურაბ ბერიკაშვილი დააკავა, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, ზურაბ ბერიკაშვილი კი დააწინაურეს. ეს ერთ-ერთ ტელეინტერვიუში თავად ლომსაძემაც დაადასტურა. თუმცა, დღეს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში სატელევიზიო ინტერვიუში მოყვანილ ფაქტებს უარყოფს და ამბობს, რომ საქმე სულ სხვანაირად იყო. ლომსაძის განცხადებით, ის სამსახურიდან აღნიშნული ფაქტიდან წელიწადნახევრის შემდეგ წამოვიდა და მხოლოდ ფინანსური პრობლემების გამო იცრუა. „შევცდი, რომ „ნაციონალებს“ დავუჯერე… ეკიპაჟში მე და ჩემი მეწყვილე დავით გვიმრაძე შევდიოდით. სინამდვილეში, სამსახურიდან ამ ფაქტიდან წელიწადნახევრის შემდეგ წამოვედი, ჩემი მეწყვილე კი დააწინაურეს. სამსახურიდან წამოსვლა სულ სხვა ფაქტმა განაპირობა. საქმე ის არის, რომ ავტომობილი მყავდა, რომელიც გავყიდე და რამდენიმე ხნის შემდეგ ამ ავტომობილში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ავტომობილი ისევ ჩემს სახელზე ირიცხებოდა, არ იყო ახალ მფლობელზე გაფორმებული. ამ ფაქტის გამო პასუხისმგებლობა ვიგრძენი და 2014 წლის ნოემბერში სამსახურიდან ჩემი ნებით წამოვედი. მქონდა და მაქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები, საბანკო კრედიტები მაქვს აღებული. სამსახურის დაკარგვის შემდეგ ახლობლებმა, ნათესავებმა მირჩიეს, რომ დახმარებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის შტაბისთვის მიმემართა. ასეც გავაკეთე და მივმართე გელა დემეტრაძეს, თუმცა, ყოველგვარი დახმარების გარეშე დავრჩი“,-განაცხადა ლომსაძემ.
ყოფილი პატრულის თქმითვე, მას „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეც დაუკავშირდა და დახმარება შესთავაზა, რაზეც ლომსაძემ უარი განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში მირჩიეს, რომ ჩემი გათავისუფლება ზურაბ ბერიკაშვილის ინციდენტისთვის დამეკავშირებინა, მეც აღელვებულმა დავუჯერე და განვაცხადე, რომ ზურაბ ბერიკაშვილისა და იმ შემთხვევის გამო გამომიშვეს სამსახურიდან. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ მაგათ დავუჯერე და ეს ამბავი დავადასტურე. სადღაც თებერვლის პირველ რიცხვებში დამირეკა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც შემომთავაზა დახმარება, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან არანაირ პოლიტიკურ სიტუაციებში არ მსურს ჩარევა“,- აცხადებს ყოფილი პატრული გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები