„არმაზ ახვლედიანის გადაწყვეტილებას ღირსეულ ნაბიჯად ვთვლი“

ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, არმაზ ახვლედიანმა პოლიტსაბჭოში უფლებამოსილების შეჩერებით ღირსეული ნაბიჯი გადადგა და მისი საკითხი უახლოეს მომავალში გაირკვევა.
კალაძის თქმით, მის განცხადებას გაურკვევლობა მოჰყვა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ყველაფერი მალე დალაგდება.
„მის განცხადებასთან დაკავშირებით გაურკვევლობა იყო. მას ჩვენი პარლამენტის წევრებისგან პასუხი მოჰყვა. თუმცა განცხადებას, რომელიც მოვისმინეთ და არმაზის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მე ნამდვილად ღირსეულ ნაბიჯად ვთვლი. უახლოეს მომავალში ყველაფერი დალაგდება და გაირკვევა“, – განაცხადა კალაძემ.
არმაზ ახვლედიანმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში უფლებამოსილება დროებით შეიჩერა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის განმარტებით, ვიდრე პოლიტსაბჭოზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში მის მიერ მიცემული ინტერვიუს შემდეგ უსაფუძვლო კომენტარების საკითხი არ განიხილება, ის უფლებამოსილებას არ აღიდგენს.
შეგახსენებთ, რომ 7 მარტს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში არმაზ ახვლედიანმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უმრავლესობის იმ დეპუტატების მიმართ, ვინც ნინო გვენეტაძეს მხარს არ დაუჭერს, სანქციები იქნება გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები